26 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
სახელმწიფო ვაშლის სუბსიდირებას იწყებს

ყურძნისა და თხილის შემდეგ, სახელმწიფო ვაშლის სუბსიდირებას იწყებს. ის საწარმოებს, რომლებიც ერთი კილოგრამი ვაშლის საფასურად ფერმერს არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდიან, სახელმწიფო 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მისცემს. ვაშლის მოსავლის აღება შიდა ქართლში რამდენიმე დღეში დაიწყება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს ქვეყანაში 120 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან.

სოფდლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სრული დატვირთვით იმუშავებს გადამამუშავებელი საწარმო და დაუბინავებელი 1 კილოგრამი ვაშლიც არ დარჩება. ამასთან, მინისტრმა ვაშლის ბაღებიც მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის გადამამუშავებელი 20 საწარმო მუშაობს. წვენების მწარმოებელმა კომპანიების ნაწილმა ცხელი ხაზიც აამოქმედა, სადაც ფერმებს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების დეტალების გაგება შეეძლებათ.

მრავალწლიანი კულტურების, მათ შორის, ვაშლის ბაღების გაშენების კუთხით რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. პროექტების ფარგლებში ფინანსდება სანერგე , სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა. ქართული არასტანდარტული ვაშლით მიღებული პროდუქცია - ხილფაფა, ნატურალურ წვენები, ჩირი ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე გადის. 2023 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საქართველოდან 4 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ვაშლის წვენების ექსპორტი განხორციელდა.

დღის ამბები