26 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის - ოპოზიცია სიახლეს მანიპულაციას უწოდებს

"ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის. მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტს არეგისტრირებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და 2 წევრის შესარჩევად საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება. თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.

ოპოზიცია სიახლეს მანიპულაციას უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, შინაარსობრივად არაფერი იცვლება და პრეზიდენტის როლი პროცესში არ იზრდება. 

"როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაწუხა და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, წინასაარჩევნოდ საარჩევნო კანონმდებლობა არალეგიტიმური იყოს.

შეცდომის აღიარების ნაცვლად, რომ ზაფხულში ლეგიტიმაციისა და კვორუმის გარეშე მიიღეს კანონი, ამის ნაცვლად, ახალი ნორმა შემოაქვთ, რითიც გადაფარავენ ვითომ მიღებულ კანონს და იტყვიან, რომ ამას ლეგიტიმაციის პრობლემა არ გააჩნია. შეცდომის აღიარების გარეშე გამოსწორების მცდელობაა. 90 ხმა გაუჭირდებათ, 76 არ გაუჭირდებათ და ვინაიდან 76 არ გაუჭირდებათ, ამიტომ ნორმა ჩაწერეს, რომ თუ 76 არ მოგროვდა, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. ვინაიდან ეს ბუნებაში არ მოხდება, ეს არის ვითომ პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, მაგრამ სინამდვილეში - გზა არსაითკენ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ შინაარსობრივად არაფერი გაუმჯობესებულა და პრეზიდენტი კვლავ ჩახსნილია ამ პროცესებისგან. 

დღის ამბები