26 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ის, რაც ინიცირდება ჩვენს მიერ, ბატონი ვარჰეის პირდაპირი და საჯარო რეკომენდაცია იყო, ოპოზიცია უბრალოდ ზედაპირულად აკრიტიკებს ყველაფერს - მამუკა მდინარაძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

"ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის - მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტს არეგისტრირებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და 2 წევრის შესარჩევად საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება. იმ შემთხვევაში თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.

ოპოზიცია სიახლეს მანიპულაციას უწოდებს, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ის, რაც მათ მიერ ინიცირდება, ბატონი ვარჰეის პირდაპირი რეკომენდაცია იყო და ოპოზიცია ყველაფერს ზედაპირულად აკრიტიკებს. 

მათი შეფასებით, საკნონმდებლო პაკეტი ევროპულ რეკომენდაციებს ეფუძნება:

"ის, რაც ინიცირდება ჩვენს მიერ, ბატონი ვარჰეის პირდაპირი და საჯარო რეკომენდაცია იყო. სწორედ ამ ევროპული რეკომენდაციიდან, შემდეგ გაფართოების საკითხებში ყველაზე მეტად ვისი კომპეტენციაც იყო, იმ ადამიანის რეკომენდაციიდან გამომდინარეობს და თან აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი და მათი პოზიცია. ამ შემთხვევაში, ისინი აკრიტიკებენ ევრორეკომენდაციის პუნქტის ერთ-ერთი ნაწილის შესრულებას მაშინ, როდესაც ხან ამბობენ, რომ არ სრულდება. ისინი უბრალოდ ზედაპირულად აკრიტიკებენ ყველაფერს, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ" - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, ყველამ ნახოს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს:

"ჩვენი მიზანია 12 რეკომენდაციის შეფასებისას, არ დავტოვოთ სპეკულაციისთვის არანაირი სივრცე. სწორედ ამ სულისკვეთებისთვის არის განპირობებული ის ცვლილებები, რაც საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტრში შევა და რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ეს იყო ფაქტობრივად ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ განსხვავებული მოსაზრებების წინაშე ვიდექით.

შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი არის, ვანახოთ ყველას, რომ პროგრესი, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, იყოს შეუქცევადი და არცერთ აქტორს არ დარჩეს სივრცე იმისთვის, რომ რაიმე სახის ზიანი მიაყენოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები