26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ქუთაისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საჰაერო ჰაბი - არსებული ლოჯისტიკური ცენტრის გასაუმჯობესებლად, მთავრობა ახლა ინვესტორს ეძებს

მოგზაურები უცხოეთში გასამგზავრებლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით მეტად სარგებლობენ. თავგადასავლების მოყვარულები ამბობენ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაბალ ფასად ახერხებენ მოგზაურობას. მოქალაქეები ახალი ავიარეისების დამატების სურვილს გამოთქვამენ და აეროპორტის შიდა პერიმეტრზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღის განმავლობაში საშუალოდ 6300 მგზავრს ემსახურება, კვირაში 135 რეისი სრულდება. მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა წარადგინა. გამართული ინფრასტრუქტურა, ახალი ტერმინალები და საჰაერო არეალის გაფართოება - პრემიერის თქმით, მთლიანი ლოჯისტიკური ცენტრი შეიქმნება. საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიც მოემსახურება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზება, ეკონომიკურ გუნდს დაავალა. აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები უკვე მუშაობენ ე.წ გენ გეგმაზე, თუ როგორი და რა სტანდარტების შესაბამისის უნდა იყოს სიდიდით მეორე აეროპორტი. გეგმა ორ მიმართულებას მოიცავს - სამგზავრო და კარგო ოპერაციებს, ანუ გამართული ტერმინალის მუშაობის შემთხვევაში, აეროპორტი ყველა ტიპის საჰაერო ხომალდების მიღებას და მომსახურებას შეძლებს. ინვესტიცია 85 მილიონიანია. ახალი პროექტი სრულად 18 თვეში უნდა დასრულდეს.

შესაბამისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ყველა ტიპის საჰაერო ხომალდების მიღებას ავიაკომპანიები დადებითად აფასებენ. "იზი ჩარტერი" მრავალი წელია ბაზარზე ოპერირებს და ძირითადად საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. კომპანიის დირექტორს მიაჩნია, რომ მდებარეობის თვალსაზრისით, ქუთაისი ოპტიმალური ადგილია ტვირთის შემოტანა-გატანის კუთხით და ტრანზიტული მიმართულებებისთვისაც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კონკრეტული რაოდენობის ტვირთის მიღება დღესაც შეუძლია, თუმცა იმისათვის რომ ტერიტორიაზე ჩამოტანილის დასაწყობება ან განბაჟება მოხდეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია კერძო სექტორთან, როგორც სატვირთო ტერმინალების, ისე სხვადასხვა ლოჯისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზებაზე ტენდერი სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოცხადდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახლაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ტერიტორიაზე 600-მდე ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა. ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს შეადგენს.

 

 

 

 

დღის ამბები