26 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
იყენებს თუ არა მესამე სექტორი მაკკეინის ცენტრის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კონფერენციას ხელისუფლების იმიჯის შესალახად - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში 

მდიდარ ენჯეოებს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწოდებს, რომლებიც თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ. მმართველი ძალისთვის მესამე სექტორის მიერ სადისკუსიო პანელზე გაკეთებული განცხადებები, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისიც თქვა, რომ სასტუმრო "რუმსში" მყოფმა პირებმა, კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლის ნაცვლად, რუსული ნარატივი თავად გაიმეორეს.

ირაკლი კობახიძის კრიტიკის საფუძველი იმ გამოსვლების შინაარსი გახდა, სადაც კონფერენციის მონაწილეები ღიად ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს უნდა მიენიჭოს და არა ხელისუფლებას. გაკეთდა პირდაპირ განცხადებები საქართველოში მთავრობის შეცვლის სურვილზეც.

კონფერენციაზე მყოფმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არა ხელისუფლება, არამედ ხალხი იმსახურებს. ოპოზიციონერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნებში ისევ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, მმართველ პარტიას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

კონფერენციას ესწრებოდა და დისკუსია მალევე დატოვა პარტია "გირჩმა". საპირისპიროს აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მაკკეინი-ბუშის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა.

ის, რასაც ოპოზიციის ნაწილი კანდიდატობის სტატუსისთვის ბრძოლას უწოდებს, მმართველი გუნდისთვის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. "ქართული ოცნების" წევრებმა "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს წარსულიც ის ნაბიჯებიც შეახსენეს, რომელიც მმართველმა ძალამ საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე გადადგა.

მაკკეინი-ბუშის ინსტიტუტების ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე მთავარი განსახილველი თემები, რუსეთ-უკრაინის ომი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები უნდა ყოფილიყო. მმართველი პარტია სადისკუსიო პანელებში უკვე მეორე წელია პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობს.

დღის ამბები