26 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
"უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტს კონსტიტუციას კიდევ ერთხელ ახსენებს და უზენაესი დოკუმენტის დარღვევაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პრეზიდენტზე შესაძლო ზეწოლასაც გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილმა უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები.

"როდესაც უხეშად ირღვევა კონსტიტუცია, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ქმედითი რეაგირება განახორციელოს ასეთ უხეშ ქმედებაზე.   

სწორედ ამის გამო დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს არ აქვს 100 ხმა ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა ჯაშუშად, მოღალატედ, რეზიდენტად და ა.შ. დღეს ისინი ატარებენ ერთ დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცედურას. ანუ, მათ მიერვე ჯაშუშად გამოცხადებულ პრეზიდენტს დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე. 

სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი, მათი რიტორიკაც ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის მათი დღის წესრიგი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ ჰყავთ, როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნე, საერთო პატრონი, ეს არის გლობალური "ომის პარტია" და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ერთი – საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი; და მეორე – თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ამ კუთხით პერსპექტივა არის გაზრდილი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ეცდება, რომ მაქსიმალურად თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება.

უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი თუ ამას გააკეთებს, საერთოდ საოცრება იქნება.

ჩვენთვის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რაც ძალიან მარტივი საქმეა. ამის შემდეგ გაშიშვლდება ყველაფერი, გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი და მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიცია, რომ ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა. გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ისინი კონსტიტუციაზე 2012 წლამდე და ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ ყველაფერს გავაშიშვლებთ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი აბსოლუტურად წაუგებელი თამაშია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები