26 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
იპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო კომიტეტს, ამის შემდეგ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც განიხილეს.

როგორც მდინარაძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

„განვიხილეთ იმპიჩმენტის საკითხი. აქტუალურია ეს თემა და საზოგადოებასაც აინტერესებს გარკვეული დეტალები. ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს, თუმცა მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„100 ხმა ჩვენ არ გვაქვს, თუმცა მაინც მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის მიერ უპრეცედენტო ამბავია, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა გაატარო, ასე გადავწყვიტეთ. წინა დღეებში ჩვენ თავად ვამბობდით, რომ აზრი არ აქვს, დღესაც იმავეს ვიმეორებთ, აზრი არ აქვს შედეგთან მიმართებით, მაგრამ სახელი უნდა დაერქვას, რათა, სულ მცირე, მოხდეს პრევენცია, რომ მომავალში სხვა ადამიანებმა არ იფიქრონ ისეთ საოცრებაზე, რასაც ჰქვია კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის და იმ ადამიანების მიერ, რომელთაც განსაკუთრებული როლი აქვთ კონსტიტუციის გარანტორობაში თუ ასე შემდეგ. ამის გატარება წარმოუდგენელია, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები