26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით - მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შოვის ტრაგედიის შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კამათი მოჰყვა. დადგენილების პროექტის წარდგენის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებდა. თინა ბოკუჩავა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებსაც დაუპირისპირდა.

ხაბეიშვილის გუნდმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დღეს არ დაუმალავთ, რომ კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში მარცხი გარდაუვალი იქნებოდა, ამის გამო კი საგაზაფხულო სესიის პირველ კვირას, შოვში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე მხოლოდ შინაარსობრივი განხილვა მოითხოვეს, საჭირო 50 ხმის მოსაპოვებლად კი, ოპოზიციასთან კონსულტაციები დააანონსეს.

მოთხოვნის დარეგისტრირებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ "ნაციონალურ მოძრაობას" მათ კითხვებზე პასუხების მიღება შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის ფარგლებში შესთავაზა. შალვა პაპუაშვილმა ხაბეიშვილის გუნდს იქვე შეახსენა, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ერთობა თავად ოპოზიციაში არ აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა რომ წარუმატებელი იქნება, ამას ოპოზიციის ნაწილიც არ მალავს. კომისიის შექმნის წინააღმდეგი "ევროპელი სოციალისტები" და გიორგი გახარიას გუნდია. ექსპრემიერის პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" მიზანმიმართულ მავნებლობასა და კომისიის საკითხის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

კომისიის შექმნას მხარს უჭერს, თუმცა მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს "გირჩი", სადაც ამბობენ, რომ ტრაგედიით მანიპულირება დაუშვებელია. შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიებას ელოდებიან "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროოპტიმისტები" და დამოუკიდებელი დეპუტატები.

ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველი გუნდის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად "ნაციონალურ მოძრაობას" 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა პარტიას, ჯერჯერობით საკმარისი ხმები არ აქვს.

დღის ამბები