26 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
რატომ უცხადებს პროტესტს "ქართული ოცნება" მაკკეინი-ბუშის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას თბილისში და რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მიერ

მაკკეინი-ბუშის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, თბილისში, "ქართული ოცნება" უკვე მეორე წელია პროტესტს უცხადებს. ამერიკელი და ევროპელი ყოფილი დიპლომატების, სამხედროებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით გამართულ პანელებს პარლამენტის თავმჯდომარე რადიკალური ოპოზიციის წახალისების პლატფორმას უწოდებს. პაპუაშვილმა დღეს ამერიკელ სტუმრებს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეც შეახსენა და მსგავსი შინაარსის ბრალდებების ობიექტ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას დღეს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორმა მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა. დევიდ კრამერის თქმით, დონალდ ტრამპის საქმეს ამერიკულმა სასამართლომ პასუხი უკვე გასცა. რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოსებს, კრამერის აზრით ახლა აქცენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაკეთდეს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად დააკვირდება.

სახელისუფლებო პარტიის უარის მიზეზი არ ესმით კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს. ამბობენ, რომ მათ მოსაწვევი "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მსგავსად გააგზავნეს.

ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის ღონისძიებებში მონაწილეობას "ქართული ოცნება" არ აპირებს - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი. კანონმდებლების თქმით, ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსების ეს ჯგუფი ქვეყანაში დესტაბილიზაციური პროცესების მხარდამჭერია, რასაც პანელურ დისკუსიებში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წერილების კითხვაც ადასტურებს.

ხელისუფლების ბრალდებებს, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ოპოზიციონერები აბსურდულს უწოდებენ. მათი თქმით, მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, რისი დასტურიც პარტნიორების მიერ უსაფრთხოების თემაზე გამართული დისკუსიების დემარშიც ადასტურებს.

კონფერენციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პროდასავლურობის არ სჯერათ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების თქმით, 2020 წლის არჩევნებიდან დღემდე, ოპოზიციის უცხოელ ლობისტებს პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების გარდა არაფერი გაუკეთებიათ, რაც ევროინტეგრაციის პროცესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.

მაკკეინი-ბუშის ინსტიტუტების ორგანიზებით საქართველოში უსაფრთხოების თემაზე კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. "ქართული ოცნება" სადისკუსიო პანელებში უკვე მეორე წელია პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობს.

დღის ამბები