26 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
რა მიზეზით არ მისცა მთავრობამ პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელებაზე თანხმობა და გამოიყენებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა” ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს,  მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შეწყალებისთვის

რა მიზეზით არ მისცა მთავრობამ პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელებაზე თანხმობა - პირველი კომენტარი დღეს ამ თემაზე პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება "ქვეყნის კონსტიტუციის დემონსტრაციულად დარღვევაა". პრემიერის განცხადებით, იმ დროს, როცა პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან არ სრულდება 12 რეკომენდაცია და შარშან პარტნიორების მხრიდან მიღებულ უარსაც იწონებს, მის მიმართ ნდობა დაიკარგა, სწორედ ამის გამო ვერ მისცემდნენ თანხმობას საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჰქონოდა.

აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში შეჭრას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციაზე მაღლა არავინ დგას და მის დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებელი იყო. მმართველ პარტიას არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც რადიკალურ ფრთას უწოდებენ კონსტიტუციის დაცვის ინტერესით იმოქმედებს.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებას საპარლამენტო ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით მხარს არ დაუჭერს. პარტიების ნაწილი ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის გადაწყვეტილებას ელოდება- ხომ არ გამოიყენებს ”ნაციონალური მოძრაობა” სალომე ზურაბიშვილის ვადამდე გადაყენების თემას პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამ გზით აიძულებს თუ არა პრეზიდენტს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შეწყალებას. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ღიად ამბობენ, რომ ნებისმიერ ფორმატში - იქნება ეს ზურაბიშვილთან კონსულტაცია თუ სხვა, მთავარი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იქნება.

”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები მმართველ პარტიას არწმუნებს, რომ იმპიჩმენტი ამ პარტიის მხრიდან პრეზიდენტთან ვაჭრობის საგანი გახდება.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ”ევროპელი სოციალისტები” პრეზიდენტის იმპიჩმენტში პრობლემას ვერ ხედავენ. ფრიდონ ინჯიას გუნდი ზურაბიშვილის ვადამდე გადაყენებას სრული შემადგენლობით უჭერს მხარს. მათი აზრით, თუ საკონსტიტუციომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა. ზურაბიშვილმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა დატოვოს.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის და ამ გზით პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, "ქართულმა ოცნებამ” გასულ კვირას მიიღო. ახლა პარტიამ საკონსტიტუციოსთვის წარსადგენი მიმართვისთვის საჭირო ხმების მობილიზება უნდა უზრუნველყოს, ამის შემდეგ კი სასამართლოს იმის შესწავლა მოუწევს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვიდან, დაახლოებით თვე ნახევარში პროცედურები დასრულდება და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის გზით მოუწევს თუ არა პრეზიდენტს პოსტის ვადამდე ადრე დატოვება.

დღის ამბები