აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და სერვისის მიმწოდებლებს შეუძლიათ პროექტ „გამომყევი აჭარაში“ ჩაერთონ და კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა შეთავაზებები, ტურისტული ობიექტები და პროდუქტები საიტზე followajara.ge უნდა დაარეგისტრირონ. აღნიშნული ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების სერვისების პოპულარიზაციას, რეკლამას, მეორეს მხრივ კი კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს გაუმარტივებს რეგიონში მოგზაურობას.
„პროექტი „გამომყევი აჭარაში“ ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალება აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. ვებგვერდზე followajara.ge ამ ეტაპზე 30-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მხოლოდ ტიკტოკზე კამპანიის ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში გამოქვეყნებულ კონტენტს უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე followajara.ge, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. „გამომყევი აჭარაში“ კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.