26 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
თელავში 2024 წელს განახლებული აეროპორტი გაიხსნება - პრემიერ-მინისტრის თქმით, აეროპორტი პირველ მგზავრს მაისი-ივნისის თვეში მიიღებს

თელავში 2024 წელს განახლებული აეროპორტი გაიხსნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თელავის აეროპორტი პირველ მგზავრს დაახლოებით 2024 წლის მაისი-ივნისის თვეში მიიღებს. პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 25-30 მილიონ ლარს შეადგენს.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შიდა რეისების განვითარებას, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, მოვიწონებთ და დავამტკიცებთ ეს არის თელავის აეროპორტი. მოგეხსენებათ, რომ თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას ახალი თელავის აეროპორტი. მშენებლობის პროექტირებას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი მიიღოს 2024 წლის მაისში-ივნისში დაახლოებით. ძალიან მალე დასრულდება. პროექტისთვის გამოყოფილი არის დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი.

მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს.

ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით.

აუცილებელი არის შიდა რეისების და ავიაციის განვითარება. ამ მიზნით მთავრობას გამოყოფილი გვაქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ მიმართულებას.

ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი. თელავში აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, კიდევ უფრო კომფორტული გახდება და სწრაფად მოხდება გადაადგილება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები