26 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, მტკიცე კავშირები ქმნის საფუძველს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის - შალვა პაპუაშვილი ქნესეთის სპიკერს შეხვდა

ისრაელის ქნესეთის სპიკერი, ამირ ოჰანა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ვაჭრობის განვითარების საკითხები. ქნესეთის თავმჯდომარემ, რომელიც საქართველოში პირველადაა, შალვა პაპუაშვილი ისრაელში მიიწვია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აფასებს აღნიშნულ ვიზიტს, რადგან ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.

"ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა.

მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკურებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები