უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოლექსეი რეზნიკოვს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი ჩაანაცვლებს. საკადრო ცვლილების განხილვა რადაში მიმდინარე კვირას იგეგმება. თავდაცვის მინისტრის შეცვლის მიზეზად ქვეყნის პირველმა პირმა უწყებისთვის საჭირო ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების ფორმატები დაასახელა. წინასწარი ინფორმაციით, რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში ელჩად ინიშნება.
გასულ ღამეს კიდევ ერთხელ დაიბომბა ოდესის ოლქი. ოკუპანტებმა ოლქის სამხრეთ ნაწილზე იერიში "შაჰედის" ტიპის დრონებით მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქსა და შავი ზღვის თავზე, ყირიმთან ახლოს ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მოსკოვის სამ აეროპორტში 20-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და რვა - გაუქმდა. მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.