26 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოკითხა - ადგილზე პარტიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეც ჩავიდნენ

ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის წევრები ჩოხატაურის ბაზართან ფლაერების დასარიგებლად მივიდნენ. დაპირისპირების მიზეზი, ნოდარ დუმბაძის სკვერია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, 15-კაციანმა ჯგუფმა მათ ფლაერების დარიგების საშუალება არ მისცა. ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით მჟავანაძე და არჩილ სიხარულიძე გამოკითხა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა დავით მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშნული ინციდენტი და მასზე ძალადობა ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული, ნოდარ დუმბაძის სკვერის ნაწილის გასხვისებას კი პარტია ყველაფრის მიუხედავად არ დაუშვებს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, ჩოხატაურში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომლის დარიგებასაც ინციდენტი მოჰყვა, მაინც დარიგდება.

თანაგუნდელების მხარდასაჭერად ჩოხატაურში ჩასვლა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ყოფილმა დაასწრო.

"აპროტესტებდა იმ ყველაფერს, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრ გურულს დღეს აწუხებს. არ შეიძლება ასეთი სკვერი გქონდეს ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის და ის გამოგქონდეს აუქციონზე. დანაშაული გააპროტესტა. ეს ამბავი ლოგიკურ დასასრულამდე მივა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები