ნოვოპროკოპივკას და ვერბოვეს მიმართულებით უკრაინელთა დანაყოფები რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევის შემდეგ, დაკავებული არეალის გაფართოებას და ახალი, უფრო მძლავრი შეტევების მომზადებას ცდილობენ.
აქ ქვეითთა ჯგუფები, არტილერია და ავიაცია კოორდინირებულად მოქმედებს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინას არტილერიის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს, რის ხარჯზეც მოწინაღმდეგე უკვე აიძულეს საარტილერიო დანაყოფები ფრონტის უკანა ზონებში გადაეყვანათ. შედეგად, წინა ხაზზე მყოფი საოკუპაციო ჯარის ნაწილები საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე, რთულ მდგომარეობაში რჩებიან.
სოციალურ ქსელში დღესაც არაერთი კადრი გავრცელდა, სადაც რუსული ტექნიკის თუ ცოცხალი ძალის განადგურება, ასევე სანგრების შტურმით აღებაა ასახული. უკრაინის კონტრშეტევა მეთოდურად ვითარდება - ეს ეხება ფრონტის ხაზის როგორც სამხრეთ, ასევე აღმოსავლეთ მიმართულებას, სადაც ასევე არის გარკვეული წინსვლა. ამ ფონზე რუსეთის არმია ცდილობს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დასახლებულ პუნქტებს შეუტიოს. მათ შორის ბოლო 24 საათში უკრაინის წინააღმდეგ 25 ირანული "შაჰედი" გამოიყენეს.
საოკუპაციო ძალის დანაკარგები იზრდება. უკრაინის გენშტაბში დღეს განაცხადეს, რომ კიდევ 600 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, თუმცა კრემლში დანაკარგებზე საუბრის ნაცვლად აქცენტს შევსებასა და კიდევ უფრო მეტი ცოცხალი ძალის მობილიზებაზე აკეთებენ. დღეს ფედერაციაში შემავალი ერთეულების ხელმძღვანელებს დიმიტრი მედვედევი შეხვდა, სადაც მთავარი თემა სწორედ პირადი შემადგენლობის გაზრდა იყო.
ვის იყენებს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ცოცხალ იარაღად - ამ საკითხს დღეს ნაწილობრივ უპასუხა ორგანიზაცია "თავისუფალი ბურიატიის" მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დაღუპული სამხედრო ტუვისა და ბურიატიის რესპუბლიკებზე, ყველაზე ნაკლები კი მოსკოვის ოლქზე მოდის.
ორივე მხარეს არსებული მძიმე დანაკარგების მიუხედავად ომის დასრულების მოლოდინი ახლო პერსპექტივაში არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტი ბოლო განცხადებაში ამბობდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ეს შესაძლოა წლის ბოლომდე მოხდეს, თუ ამ დროისთვის კონტრშეტევა შედეგს გამოიღებს და ყველა სამხედრო ამოცანა შესრულდება.