26 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
"ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, თავ-ყბა დაგვამტვრიონ" - ლევან ხაბეიშვილი ჩოხატაურში მომხდარფ ინციდენტზე

ჩოხატაურში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის წევრები ჩოხატაურის ბაზართან ფლაერების დასარიგებლად მივიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ მათ ადგილზე 15-კაციანი ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ფლაერების დარიგების საშუალება არ მისცეს.

კონფლიქტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ნოდარ დუმბაძის სკვერის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო.

გვინდოდა საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა მოსახლეობისთვის, ჩიგოგიძემ კი საკუთარი სამეგობრო დაგვახვედრა. ეს არ იყო ჩოხატაურელების ინტერესი, ესენი არ იყვნენ ადგილობრივი, რიგითი მაცხოვრებლები. თუ რაღაც არ მოსწონთ, შეუძლიათ ფიზიკურად დაგიპირისპირდნენ. ამის ნათელი მაგალითი იყო დღევანდელი დღე," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.

ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა. მან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა, რომ "თავს არავის დააჩაგვრინებენ."

"ფიზიკურად გვისწორდებიან, წარმოუდგენელია... ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი აქტივობა. მოგვდევენ ქვით, როცა ვლაპარაკობთ ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ, არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არავის და ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, თავ-ყბა დაგვამტვრიონ, აუცილებლად დავიცავთ საკუთარ თავებს," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

თავის მხრივ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

 

დღის ამბები