26 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან

კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ამ წუთებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან. ფერმერების პრობლემებს ამჯერად სიღნაღში ეცნობიან, მანამდე კი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის განხილვა ახმეტასა და თელავში მოხდა - იქ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ქარისა და სეტყვის გამო, ყველაზე მეტად დაზარალდა.

ახმეტაში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში დაზიანებულია ვენახები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უკვე გაიხსნა ორი ადგილობრივი ქარხანა, რომლებიც მზად არიან ყურძენი ჩაიბარონ.

"ყურძენს, რომელიც დაზიანდა სეტყვის შედეგად, მთლიანი რაოდენობით ჩაიბარებს სახელმწიფო. მისი ჩამბარებელი პუნქტების მეშვეობით კახეთის რეგიონში ხვალ-ზეგ კიდევ დაემატება ჩამბარებელი პუნქტები. კილოგრამზე 90 თეთრის ფარგლებში მოხდება ამ ყურძნის ღირებულების ანაზღაურება, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება სეტყვით დაზარალებული ფერმერებისთვის. სახელმწიფო საკმაოდ დიდი თანადაფინანსებით შემოდის ამ კუთხით. უკვე წლევანდელი წლიდან ვენახზეც 70%-იანი თანადაფინანსებაა, მხოლოდ 30% არის ფერმერების მხრიდან გადასახდელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი თანადგომა ფერმერების მიმართ და სამწუხაროდ, არის ჯერ კიდევ საკმაოდ ნაწილი ვენახებისა და სხვა ბაღებისა, რომელიც არ არის დაზღვეული და ასეთი მოვლენების დროს კიდევ ერთხელ ვლინდება თუ რა მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენება," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე.

დღის ამბები