26 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი "თურქ-გოზუ" გაიხსნა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი "თურქ-გოზუ" გაიხსნა, რომელიც "ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს მდებარეობს.

ღონისძიებას თურქული მხარის მოწვევით, დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილის ხელმძღვანელობით. დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პრიცედურებს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მინისტრის სახელით თურქ კოლეგებს მიულოცა განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი "ვალე" ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას.

"თურქეთის მხარემ განაახლა საბაჟო ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე ზოგადად სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისათვის. საბაჟო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ წამყვან ფუნქციას ასრულებს სავაჭრო ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ თურქულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ელექტრონული და გაციფრულებული პროცედურების გაუმჯობესებაზე, რაც გვაძლევს საშუალებას მუდმივ რეჟიმში გვქონდეს ინფორმაცია ტვირთების მოძრაობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს აუმჯობესებს როგორც საბაჟო კონტროლის ხარისხს, ასევე ამარტივებს პროცედურებს და უზოგავს დროს როგორც მოქალაქეებს მიმოსვლისთვის, ასევე ბიზნესს მათი ტვირთების უფრო მარტივად ტრანსპორტირებისთვის," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები