ყველაზე მოთხოვნად სფეროში ცოდნის გაღრმავების მსურველთათვის ერთიანი ახალი პლატფორმა შეიქმნა. Do IT in Georgia - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია, რომელიც 16 წლის ზემოთ ასაკის პირებს შესაძლებლობას აძლევს აიტის სპეციალობა შეისწავლოს. მსურველთა რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, მას შემდეგ, რაც პლატფორმაზე საქართველოში არსებული ყველა IT რესურსი და ტრენინგ პროვაიდერები გაერთიანდებიან.
პრინციპი მარტივია - მსურველები დარეგისტრირდებიან, გამოცდას ჩააბარებენ და სწავლას დაიწყებენ. პირველ ეტაპზე 1000 აპლიკანტი შეირჩევა, შერჩეული კანდიდატებისთვის კი სახელმწიფო გრანტსაც გასცემს.
პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა სქილვილსმა და IT Step აკადემიამ. პროვაიდერი კომპანიები უკვე მზად არიან ახალგაზრდებს აიტი სპეციალობა შეასწავლონ, წარჩინებით სწავლის დასრულების შემდეგ კი, ან საკუთარ კომპანიებში დაასაქმონ, ან სხვა ორგანიზაციაში მუშაობისთვის რეკომენდაცია გაუწიონ. IT Step აკადემია მსურველებს 5 აიტი პროგრამას, "სქილვილსი" კი სამს სთავაზობს.
პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამა დაინტერესებულ პირებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს და პარალელურად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებასაც.
პროგრამა Do IT in Georgia სრულად 5000 პირს გადაამზადებს, თუმცა, პირველ ეტაპზე სწავლის შესაძლებლობა 1000 აპლიკანტს ექნება. პროექტი 3 წელს გაგრძელდება, თუმცა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო არ გამორიცხავს, მოთხოვნის შესაბამისად, ვადები გახანგრძლივდეს.