26 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება - ექნება თუ არა ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერა

ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ორშაბათიდან დაიწყება. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას 50-ზე მეტი დეპუტატის ხელმოწერა ექნება. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიაჩნია გუნდს, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურადაც გამართლებულია. მამუკა მდინარაძის თქმით, გაუმართლებელი მხოლოდ კონსტიტუციის უპატივცემულობაა.

"ქართულ ოცნებას" იმპიჩმენტის აღსრულებისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს. გადაწყვეტილებას შედეგი რომ არ მოჰყვება, მმართველ პარტიაში ამაზე დღეს ოპონენტების რეაქციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დარწმუნებით საუბრობდნენ. უმრავლესობა მათთან კონსულტაციებს არ გეგმავს.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს უკვე მეორე დღეა სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების მთავარი მიზანი, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ქმედებებში კი პირიქით, ისევ "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ.

ოპონენტების დღევანდელ პოზიციებს. "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტს და უპრინციპობას უწოდებს. მმართველ გუნდში დღეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ძველი განცხადებები გაიხსენეს, სადაც პარტიის ლიდერები სალომე ზურაბიშვილისთვის სწორედ კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევისთვის იმპიჩმენტის აუცილებლობაზე საუბრობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს დემოკრატიისთვის კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება, მმართველმა პარტიამ გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართავს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის შესწავლას მოითხოვს.

დღის ამბები