26 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
დანაზოგებს აბსოლუტურად არაფერი ემუქრება, დაგროვებითი პენსია როგორც მუშაობდა, ისე იმუშავებს აქტიურად - ზაზა ლომინაძე

საპენსიო სქემა და სიახლე - ახალი პროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ დასაქმებულების დაგროვებით პენსიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 

"დანაზოგებს აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება, დაგროვებითი პენსია როგორც მუშაობდა, ისე იმუშავებს აქტიურად. თუმცა, 2018 წელს მიღებული კანონით იყო გათვალისწინებული 5 წლიანი პერიოდი, რათა შემდეგ თვითონ ბენეფიციარებს აერჩიათ, თუ რომელ პაკეტში გადაეტანათ თავის დანაზოგი. სავალდებულო თანხის გადატანა არ არის, რჩება ნებაყოფლობითი. ანუ, ბენეფიციარს, ვინც არის მოსარგებლე, მას შეუძლია მიმართოს დაგროვებითი პენსიის სადაზღვევო ფონდს და იქ დაწეროს განცხადება თუ მას სურვილი აქვს. თუ მას სურვილი არ აქვს, ყველა ბენეფიციარი რჩება ისევ დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო არის გარანტი და ეს საპენსიო ფონდი, რომ მათ გაუგრძელდებათ თანხების დაგროვება დაბალ რისკიან პორტფელში," - აცხადებს ზაზა ლომინაძე.

პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სექტემბერში შევა ცვლილებები ძალაში, რომლის მიხედვითაც, ყველა ბენეფიციარი დარჩება დაბალრისკიან პორტფელში.

"თუ განცხადებას არ დაწერს ადამიანი, ის არ გადავა არც საშუალო, არც მაღალრისკიან პორტფელში. საქართველოს პარლამენტმა ეს პასუხისმგებლობა აიღო და უკვე ცვლილებები არის მეორე მოსმენის დონეზე და შესაბამისად, სექტემბერში შევა ეს ცვლილებები ძალაში, რომლის მიხედვითაც, ყველა ბენეფიციარი დარჩება დაბალრისკიან პორტფელში.

ჩვენი ოპონენტები სამწუხაროდ, ყველა პროცესში ეძებენ, რომ როგორმე შავი ხვრელები ნახონ, ცუდი სიზმარი ნახონ და მერე ახსნან სათავისოდ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

დღის ამბები