უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. საოკუპაციო ძალები წინსვლას კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ცდილობენ, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ოკუპანტთა შეტევების მოგერიება ყველა მიმართულებით ხერხდება.
ომში მყოფი გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მტერმა 4 სარაკეტო და 39 საავიაციო დარტყმა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში იყო 45 საბრძოლო შეტაკება.
"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. წარმატება გვაქვს ნოვოდანილოვკისა და ნოვოპროკოპკის მიმართულებით. ვმაგრდებით მიღწეულ საზღვრებთან, ვახორციელებთ დარტყმებს გამოვლენილ სამიზნეებზე. ბოლო დღე-ღამეში მოხდა 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება. უკრაინის საჰაერო ძალებმა 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის კონცენტრირების წერტილებზე," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ანდრი კოვალევი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე საზღვაო უპილოტო აპარატებით თავდასხმა სცადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო კატერი. თავდასხმის გამო, ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის შორი მანძილის საშუალებებით 5 ჯგუფური დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის საკონტროლო პუნქტებზე, მათ შორის რადიო და ელექტრონული დაზვერვის ცენტრებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და დასავლური წარმოების იარაღის საცავებზე. ხელში ჩავიგდეთ 35 HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სისტემა, გავანადგურეთ 281 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე 29 უკრაინული თვითმფრინავი," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.