უკრაინის პრეზიდენტს, სექტემბერში დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ელოდებიან, სადაც ის მშვიდობის ფორმულას წარადგენს, რომელსაც უკრაინის დიპლომატიური სამსახურების მუშაობის შედეგად, სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
სწორედ მშვიდობასა და ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, სამართალდამცველებთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის წმენდას განაგრძობენ მათგან, ვინც ცდილობს უკრაინა შიგნიდან დაასუსტოს.
"მქონდა შეხვედრა სამართალდამცველებთანაც, ისინი აგრძელებენ ქვეყნის გაწმენდას მათგან, ვინც ცდილობს დაასუსტოს უკრაინა შიგნიდან. შემოდგომა ამ მიმართულებით ნაყოფიერი იქნება. ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებ არასოდეს დაივიწყონ ის ბუნებრივი ძალა, რაც მთელ თავისუფალ სამყაროს გააჩნია. ერთად დგომის ძალა - საერთო ინტერესისთვის. ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ფართომასშტაბიანი ომის 555 დღის განმავლობაში. რაც შეეხება ყველაზე ემოციურს: 3 700 000 უკრაინელმა ბავშვმა ახალი სასკოლო წელი დაიწყო. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაბრუნება შეძლონ - დისტანციური რეჟიმის გარეშე. თითოეული ბავშვის ღიმილი, თითოეული ოცნება,რომელიც უკრაინელმა ბავშვებმა დაისახეს - არის იმის მტკიცებულება, რომ უკრაინა ყველაფერს გაუძლებს,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.