26 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
განსხვავებული პოზიციები ევროკავშირში - გაფართოების პოლიტიკა შიდა უთანხმოების მიზეზი გახდა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ევროკავშირის გაფართოებისთვის საორიენტაციო თარიღის განსაზღვრას მხარს უჭერს. ჯოზეფ ბორელი ევროკავშირში დამატებით 10 ახალი სახელმწიფოს პერსპექტივას ხედავს. კონკრეტულად რომელი ქვეყნები იგულისხმება პოტენციურ წევრად, ბორელი არ აკონკრეტებს. განცხადება ევროკომისარმა ესპანეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კონკრეტული ვადების მოთხოვნა არასწორად მიაჩნია ევროკომისარს გაფართოების საკითხებში. ოლივერ ვარჰეი ფიქრობს, რომ გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების საკითხია. მისი განმარტებით, ევროპულ ოჯახში ახალი წევრების მიღება 2030 წლისთვის შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ევროკავშირმა და წევრობის მსურველმა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააორმაგონ. ევროკომისარმა ვარჰეიმ ამის შესახებ ბელგიურ გამოცემა "ეურ-აქტივთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი მიიჩნევენ, რომ გაფართოებისთვის კავშირი მზად მხოლოდ 2030 წლისთვის იქნება. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში, მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში შესვლის შესაძლებლობები ამ დროისთვის უკვე რეალური იქნება.

როდის უნდა ელოდოს რეალურ პერსპექტივას საქართველო, გერმანიის ელჩი, რომელიც უკვე 1 წელია თბილისში დიპლომატიურ მისიას ასრულებს სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ ახლა მთავარი ამოცანა საქართველოს მხარდაჭერაა, რომ ქვეყანამ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

2030 ევროკავშირის გაფართოების შესაძლო თარიღად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება ევროკომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. შარლ მიშელის განცხადებას მეორე დღესვე მოჰყვა ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის გამოხმაურება. დანა სპინატის თქმით, მიშელის გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებული არ იყო. პირიქით, ათენში ურსულა ფონ დერ ლაიენი ბალკანელებსა და სხვა პარტნიორებს გაფართოების სწრაფი მიდგომების აუცილებლობაზე ესაუბრებოდა. პრესპიკერმა ისიც დააკონკრეტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არა თარიღზე არამედ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება მხოლოდ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა მიეცეთ.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა გასულ წელს მიენიჭა. ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანებას 8 ქვეყანა ელოდება.

 

 

დღის ამბები