26 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს - ვისი ხმების იმედი აქვს მმართველ პარტიას

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა" - "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

დილიდანვე ცნობილი გახდა, რომ ”ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართავს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის შესწავლას მოითხოვს. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს, პრეზიდენტს კი საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში აქვს. სწორედ ამის გამო მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს

უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაინც გაემგზავრა. ბოლო შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლს მიშელთან ჰქონდა, მანამდე ის შეუთანხმებელი ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასაც შეხვდა. როდესაც თბილისში განცხადებები მისი იმპიჩმენტის შესახებ გაკეთდა, პარალელურად სალომე ზურაბიშვილმა მატარებელში გადაღებული ფოტო ატვირთა, სავარაუდოდ ის ამ დროს ბერლინიდან ბრიუსელში მიემგზავრებოდა.

”ქართულ ოცნებაში” ეჭვი ეპარებათ, რომ პრეზიდენტი ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი იქნება, ამის მაგალითად მისი პარლამენტში წლიური მოხსენებაც მოჰყავთ, სადაც ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია.

ერთადერთი მიზანი, რის გამოც მმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა დაიწყეს, კონსტიტუციის დაცვაა. ”ქართულ ოცნებაში” პირდაპირ ამბობენ, რომ არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში იმპიჩმენტს პერსპექტივა არ აქვს, რადგან ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შედეგი ვერ დადგება. სახელისუფლებო გუნდისთვის დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი საშუალებაა ოპოზიციის და პრეზიდენტის თანხვედრა გამოააშკარაოს.

ოპოზიცია კი დღეს ერთიანი გზავნილით გამოვიდა და ყველამ ერთად "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ”ევროინტეგრაციის საბოტაჟი” უწოდა. ოპონენტების ერთიან გზავნილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ჩაერთო, რომელიც დღეს ხანგრძლივის პაუზის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამოვიდა.

პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება, წინასწარვე ცნობილია რომ ოპოზიცია პროცესშიო ჩართვას არ აპირებს, სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მხარდაჭერას არც "გირჩებში" გეგმავენ, თუმცა პარტიაში იმის რისკი დაინახეს, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იმპიჩმენტის საკითხი შესაძლოა პრეზიდენტზე ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს. ერთადერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გადაყენების საკითხს სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს, ”ევროპელი სოციალისტები” არიან.

”არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს” - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შემთხვევაში, ყველა პოლიტიკოსმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა იხელმძღვანელოს. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას მარტივად დაადგენს.

განაცხადი უკვე გაკეთებულია. პროცედურის მიხედვით, უახლოეს დღეებში პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, ამისთვის 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლომ კი 1 თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ პარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

დღის ამბები