26 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
დღეიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება - კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება

დღეიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება. კერძოდ, კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ანტიკორიფციული ბიურო პირდაპირ დაქვემდებარებაშია საქართველოს მთავრობისადმი და მათივე თქმით, შესაბამისად  ამით ვერ ჩაითვლება, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შესრულდა:

"თითქოს 12 რეკომენდაციის შესრულების საფარქვეშ შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც თითქოს კორუფციული პრევენციის ფუნქცია აკისრია. ანტიკორუფციულ ბიუროს გამოძიების უფლებამოსილება არ გააჩნია, ის პირდაპირ დაქვემდებარებაშია საქართველოს მთავრობისადმი. ბუნებრივია ამით ვერ ჩაითვლება, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შესრულდა," - აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, არასერიოზულია არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს იწუნებენ აუდიტის სამსახურთან შედარებით. მისივე თქმით, პირიქით ამ ორს თუ შევადარებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო.

"კომისია, რომელშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი შედიოდა და ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატურები, რის შემდეგაც პრემიერმა დანიშნა შესაბამისი ხელმძღვანელი. იყო აბსოლუტურად ინკლუზიური და კანონით გაწერილი პროცესი. როცა საუბარია აუდიტის სამსახურზე, შევახსენებ ყველას, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ახლახან ავირჩიეთ, მისი არჩევის პროცედურა იყო შემდეგნაირი: მას ერთპიროვნულად წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი კომისიების გარეშე და პარლამენტი ირჩევს ხმების უმრავლესობით. ასე რომ არასერიოზულია არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს იწუნებენ აუდიტის სამსახურთან შედარებით, პირიქით ამ ორს თუ შევადარებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, იმიტომ, რომ შერჩევის პროცესში ჩართული იყო სახალხო დამცველიც და არასამთავრობო სექტორიც," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

 

დღის ამბები