26 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ნიქოზში - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არქეოლოგებმა უნიკალურ არტეფაქტებს მიაგნეს

ქვემო ნიქოზში ორწლიანი მუშაობის შედეგად სპეციალისტებმა უნიკალურ სამარხებს მიაკვლიეს. 8 დიდი ზომის თრიალეთის მესხური ჭურჭელი, საგზლის წასაღებად გამზადებული ნივთები, ამიერკავკასიური ცული, ურმის ნაშთები - ეს იმ არტეფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, არქეოლოგების თქმით, შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. სპეციალისტები გვიყვებიან, რომ მსგავსი სიდიდის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი.

არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი თვენახევარია, რაც სამუშაო პროცესშია ჩართული. უნიკალურ არტეფაქტებს სწორედ მისი ხელმძღვანელობის შედეგად მიაკვლიეს. სპეციალისტი "კურიერს" უყვებიან, რომ ნიქოზში ძვ.წ 18-17 საუკუნის თრიალეთის ყორღანული ტიპის სამარხებია აღმოჩენილი. სამარხებში კი დიდგვაროვნების დაკრძალვის სპეციფიკური წესის მიმანიშნებელი ნივთებია ნაპოვნი.

არქეოლოგებთან ერთად გვერდიგვერდ არსებულ სამარხებს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც სწავლობენ. ისტორიის ფაკულტეტით დაინტერესებული ახალგაზრდები გვიყვებიან, რომ შუა ბრინჯაოს ხანის დროინდელ სამარხებზე მუშაობა მათთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.

ახალი აღმოჩენის შესახებ პირველი ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა. სამარხები არა მხოლოდ შიდა ქართლისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვან აღმოჩენად დასახელდა.

უნიკალური სამარხებზე დაკვირვებისა თუ გასუფთავების სამუშაოებზე ახლა სპეციალისტები მუშაობენ. ვიდრე აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში განლაგდება, არქეოლოგები გამოფენის მოწყობას აღმოჩენის ადგილზე გეგმავენ.

დღის ამბები