26 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
სახელმწიფო პროგრამების დახმარებით თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულმა აგრო სამუშაოებმა, თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით გააუმჯობესა. იმ ფერმერებს, რომლებმაც თხილი არანაკლებ 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გააშენეს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ჰექტარზე 500 ლარი გამოუყო. ახალი პროგრამით, თხილის ბაღების მესაკუთრეებმა ის პრეპარატები შეიძინეს, რაც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა.

გურიაში, სოფელ ქვემო აკეთში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის შემნახველი საწარმო მოსავლის მისაღებად მზად არის. ქარხანაში, სადაც ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, 1 000 ტონამდე თხილის დაბინავებაა შესაძლებელი.

თხილის ინდუსტრიაში სახელმწიფოს მხრიდან დროულ და საჭირო ნაბიჯებზე საუბრობენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში. ამბობენ, რომ სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა გაუმჯობესებულია.

თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშემწყობი პროგრამის მიზანი ფერმერების სტიმულირებაა, რაც მოსავლის ხარისხიანობის გაზრდისთვის საჭირო ნივთიერებების სუბსიდირებას გულისხმობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს გურიაში, ქვემო აკეთში ფერმერებს შეხვდა. შეხვედრისას ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე. ოთარ შამუგია სოფელ გუთურშიც იმყოფებოდა, სადაც თხილის კრეფის პროცესს დაესწრო. მინისტრი ფერმერებს კიდევ ერთხელ ესაუბრა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა მხარდაჭერით ისინი ხარისხიან მოსავალს იღებენ.

უწყებაში ამბობენ, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოებაა, რომელიც ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ბაზრებზე, კონკურენტუნარიანი იქნება. მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში 90 000-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო. მათ ჯამში 20 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღეს.

დღის ამბები