26 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
როდესაც პოლიციური ძალაუფლება ქვეყანაში არის გადამეტებული, იქ ასეთი რეციდივები ყოველთვის ხდება - ქადაგიშვილი უკრაინაში მოკლულ ქართველზე

უკრაინაში მომხდარ შემთხვევას, სადაც სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს, მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიციური ძალაუფლება გადამეტებულია, იქ "ასეთი რეციდივები ხდება".

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, საქართველოშიც იყო:

"როდესაც პოლიციური ძალაუფლება ქვეყანაში არის გადამეტებული, იქ ასეთი რეციდივები ყოველთვის ხდება და ამის უამრავი მაგალითი, ჩვენ გვქონდა საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. როდესაც პოლიცია არამიზნობრივად, გადამეტებულად იყენებდა ძალას და ეს ხშირად სრულდებოდა, სწორედ გაუმართლებელი მსხვერპლით," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ქალაქ დნიპროში სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სილაგავა ავტომობილში მეგობარ ქალთან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა. სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ამავე სააგენტოს ცნობით, სილაგავამ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელ ქალს. ჯერ პოლიციამ "წიწაკის სპრეი" გამოიყენა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, სილაგავას ზურგში სამჯერ ესროლა.

მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, პოლიციელი დაკავებულია. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოკლული მამაკაცი დნიპროში კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა.

დღის ამბები