26 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5% შეადგინა - "საქსტატი"

მორიგ მონაცემებს აქვეყნებს "საქსტატი" - წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5% შეადგინა, ხოლო ამ წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა.

"წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორი, მშენებლობა, ვაჭრობა და ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

7 თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 16%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 19%-ით," - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოზიტიური ტენდენციები მომდევნო თვეებიც შენარჩუნდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საფინანსო და სადაზღვეო სექტორში, განათლების, მშენებლობის, ვაჭრობის სექტორში დაფიქსირებული ტენდენციები. მთლიანობაში, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, ასევე საქონლით ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

დღის ამბები