შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა მოძიების პროცესის, მისი გაგრძელების მნიშვნელობაზე.
"კომისიის სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად მიმდინარეობს. განვიხილეთ კონკრეტული შედეგები და სამომავლო ხედვა, რომელიც პროგრამის განხორციელების პროცესში ოჯახებს ანიჭებს ცენტრალურ ადგილს და ორიენტირებულია სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდაზე. მიმდინარე წელს ჩვენ მოვახერხეთ დამატებით 13 ადამიანების მოძიება და ოჯახებისთვის გადაცემა. სწორედ ამ კუთხით, ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე წლის ბოლომდე დასახული პროგრესის მიღწევის შესაძლებლობები და პერსპექტივები. მიღწეულ შედეგებს შორის აღსანიშნავია ისიც, რომ გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაცია, გააქტიურდა ოჯახებთან კომუნიკაცია და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები არსებული შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის," - აცხადებს თეა ახვლედიანი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ კომისიის სხდომაში პირველად მონაწილეობდა და მოხსენებით წარდგა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი, ანიეს ქოთუ.
"პროცესი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული, სახელმწიფო უწყებებთან სრულად კოორდინირებულია და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით წარიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის ფარგლებში ოჯახებთან კონსულტაციები, რათა მათ ჰქონდეთ რწმენა, რომ მათი საჭიროებები გათვალისწინებული იქნება," - აცხადებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალური წარმომადგენელი ანიეს ქოთუ.