ქალაქ დნიპროში, სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.
უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სილაგავა ავტომობილში მეგობარ ქალთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ამავე სააგენტოს ცნობით, სილაგავამ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელ ქალს.
პოლიციამ ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სილაგავას ზურგში სამჯერ ესროლა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
პოლიციელი დაკავებულია და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოკლული მამაკაცი დნიპროში ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა.