ომის 554-ე დღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურია. უკრაინელებსა და რუსს ოკუპანტებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. დაიბომბა ხარკოვის რეგიონი, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. იერიშები იყო დონეცკის ოლქში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა ბახმუტთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას.
უკრაინის იერიშებზე საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყება ირწმუნება, რომ ბრიანსკის ოლქში დრონების თავდასხმა და ყირიმში სარაკეტო იერიში მოიგერიეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.
"მე მქონდა შეხვედრები ჩვენს ელჩებთან სხვადასხვა ქვეყნებში. ნათლად ვხედავთ, რომელ ლიდერებთან გვჭირდება შეხვედრა, მოლაპარაკება და რა შედეგები უნდა მივიღოთ. მე გავმართე სპეციალური შეხვედრა პარლამენტის მთავრობის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით წარმომადგენლებთან, ჩვენი მზადყოფნის შესახებ ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად.
რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო კანონპროექტები უკვე მომზადებულია და პარლამენტში უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირში უკრაინის თითოეულ გადაწყვეტილებაზე 226 ხმა არის ვალდებულება. დღეს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან მშვიდობის ფორმულის განხორციელების შესახებ ახალი შეხვედრა გაიმართა. მშვიდობის ფორმულა შექმნილია ისე, რომ ყველა ქვეყანამ და ყველა ლიდერმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება საერთო შედეგის, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.