26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება - ჩვენი ქვეყანა პლანეტის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება. სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველომ, პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და პლანეტის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდა. ილიას ზუროსის გუნდმა, გადამწყვეტი შეხვედრა ვენესუელას წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 70:59 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაჰყვება ტურში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ გამართავს შეხვედრას და ეცდება 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს. 1 სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3 სექტემბერს, ავსტრალიას დაუპირისპირდება.

ქართველ კალათბურთელებს მატჩის შემდგომ გამარჯვება იაპონიაში მყოფმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა. როდესაც თეა წულუკიანი ნაკრების წევრებს ხვდებოდა, სპორტულ შედეგთან ერთად პოლიტიკურ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენს დღევანდელ მეტოქე ქვეყანას ეხებოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრით, საქართველოს ნაკრებმა, გაინაღდა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში, რომელიც ოლიმპიადის დაწყების წინ, მომავალი წლის ივნისში გაიმართება.

დღის ამბები