26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ზარალი, რომელიც დედაქალაქს ძლიერმა წვიმამ მიაყენა - თბილისის მერია სტიქიის შედეგებს ითვლის

ძლიერმა წვიმამ თბილისში, გლდანში განსაკუთრებით ტელიხაშვილების ოჯახი დააზარალა. მოვარდნილ ღვარცოფს ხარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აშენებულმა ჯებირმა ვერ გაუძლო - ჩამოიშალა, ქვები და შლამი კი საცხოვრებელ სახლში დაგროვდა. ეკა წიქარიძე გვიყვება, რომ 2 შვილთან ერთად ბინის დატოვება მოასწრო, თუმცა, ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდა გაუნადგურდა. ტერიტორია ახლა არც საცხოვრებლად ვარგა, სწორედ ამიტომ, ტელიხაშვილები დროებით თბილისის მერიამ სასტუმროში უკვე გადაიყვანა.

ადგილზე, გუშინაც და დღესაც იმყოფებოდნენ გლდანის გამგეობის წარმომადგენლები, ოჯახი ახლა ზარალის დათვლასა და მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას ელოდება.

გლდანში, ხარაძის ქუჩა, ერთადერთი არ არის, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ ახმეტელის მეტროსთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა, დაიტბორა მიმდებარე მაღაზიებიც.

გლდანში, რომელიც უხვი ნალექის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის სპეციალური სამსახურები. 

გლდანის გარდა, თბილისში ძლიერმა წვიმამ სხვა რაიონებიც დააზიანა. უხვმა ნალექმა მარშალ გელოვანსა და თამარაშვილზე, კლდის მცირე ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. პრობლემები შეექმნა დიდუბესაც, ერისთავის ქუჩაზე ღვარცოფმა კედელი ჩამოშლა.

ძლიერი წვიმის პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის სპეციალური სამსახურები. თბილსერვისის ჯგუფის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემებმა, წყლის დიდი მასა ვერ გაატარეს, ეს კი მისი განმარტებით, ცხაურებზე დაყრილმა ნაგავმა გამოიწვია.

გუშინდელი სტიქია, მთავარი თემა იყო დღეს თბილისის საკრებულოშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დედაქალაქი მსგავსი უხვი ნალექისთვის მზად არ არის. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და სპეკულაციაში ადანაშაულებს.

სტიქიის შედეგები შეაჯამა ქალაქის მერმაც. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კახა კალაძემ თქვა, რომ, გუშინ 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არ დაყარონ ნაგავი სანიაღვრე ცხაურებზე, რადგან, მისი თქმით, სწორედ ეს აფერხებს სისტემის გამართულ მუშაობას.

კონკრეტულად რა ზარალი მიაყენა დედაქალაქს ძლიერმა წვიმამ, ჯერ უცნობია. თბილისის მერია ახლა სტიქიის შედეგებს ითვლის.

დღის ამბები