26 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
სერიული ქურდობის ფაქტებზე, იტალიაში, სალერნოში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციით, ქართველების 5-კაციანი დაჯგუფება დააკავეს.

სერიული ქურდობის ფაქტებზე, იტალიაში, სალერნოში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციით, ქართველების 5 კაციანი დაჯგუფება დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნაქურდალი საერთო ღირებულება 100 ათას ევროს აღემატება. მდიდრული სახლები და სავაჭრო ცენტრები - დაჯგუფების სამიზნე ობიექტების შერჩევა წინასწარ კონკრეტული სქემით ხდებოდა.

საპოლიციო ღონისძიება ერთდროულად, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. სალერნოს პოლიციამ არალეგალი ქართველები ნაქირავებ ბინებში აიყვანა. მოპარული ნივთებიც დროებითი საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდნენ და იტალიიდან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა გეგმა ჩაეშალათ. მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, სალერნოს მოსახლეობამ კომისრისგან სპეციალური გაფრთხილება მიიღო.

"კურიერმა" იტალიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა გაარკვია. მათ შორის 2 ქალია. ერთ-ერთი მათგანი, 53 წლის ბელა ჯალაღონიაა, რომელიც სიძესთან, გიორგი ხოტივრიშვილთან ერთად დააკავეს.

დაკავებულების ნათესავებს საუბარი არ სურთ. "კურიერი" ქურდობაში ბრალდებულების თბილისის მისამართზე მივიდა. მეზობლებმა, იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, არაფერი იციან.

სალერნოს პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებული ქართველი 30 წლის ლაშა ყირიმლიშვილია. "კურიერი" ახალციხეში მის მისამართზეც იმყოფებოდა.


იტალიელი სამართალდამცველები, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებსაც ეძებენ. სავარაუდოდ, საუბარია კიდევ 3 პირზე, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. ჩატარებული სპეცოპერაცია, იტალიური მედიის ერთ-ერთ მთავარი თემაა. მასშტაბური დანაშაულის საქმეზე, პრესაში, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარიც გამოქვეყნდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაული სალერნოში 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისამდე პერიოდში ხდებოდა. ცნობილია, რომ მოპარულ ძვირფასეულობას დაჯგუფების წევრები, ლომბარდებში აბარებდნენ, მიღებულ შემოსავალს კი ინაწილებდნენ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

დღის ამბები