26 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
იშვიათი დაავადება პოლონეთში - ლეგიონერთა დაავადების აფეთქება ქალაქ ჟეშუვში მოხდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი

16 გარდაცვლილი და 150-ზე მეტი ინფიცირებული - ქალაქ ჟეშუვში ლეგიონერთა დაავადების აფეთქებაა. ჰიბრიდული ომი, საბოტაჟი თუ გაუმართავი წყლის კონტროლის სისტემა - უკვე კვირაზე მეტია პოლონეთში ლეგიონელას ბაქტერიის გავრცელების საკითხი შეშფოთებას იწვევს. კითხვები და ვერსიები ბევრია, თუმცა არცერთ საკითხზე ქვეყნის მთავრობას პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.

ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომლის სამიზნე ძირითადად ასაკოვანი, მწეველი და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან. დაავადება ხშირად პნევმონიის სახით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერია ლეგიონელა ბუნებრივი წყალსატევებისა და ნიადაგის ბინადარია, თუმცა ზოგჯერ წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებშიც ხვდება. ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ შხაპის მიღების დროს ან კონდიცირების სისტემიდან.

დაავადების გამოვლენა 2-დან 10 დღის განმავლობაში ხდება. ახასიათებს თავის, კუნთების, კუჭ-ნაწლავის ტკივილი, ცხელების, ხველის, ჰაერის უკმარისობის, გულისრევის, ღებინებისა და დიარეის სიმპტომები.

ინფექციით კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმეტესობა, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები არიან, ლეგიონელოზი განსაკუთრებით მწვავედ, ქრონიკული დაავადების დროს პროგრესირებს. პაციენტის დროულად მკურნალობის შემთხვევაში, ფატალური შედეგის პრევენცია შესაძლებელია. ვარაუდობენ რომ ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკაზე შესაძლოა 4-ჯერ მეტი იყოს.

ხელისუფლებას ეჭვი საბოტაჟზე აქვს, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ლეგიონელოზის გამომწვევი აგენტი ქალაქის წყალსადენში მოხვედრილიყო.

კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ქალაქი ჟეშუვი სტრატეგიული დანიშნულებისაა. ეს ადგილი უკრაინაში შეიარაღების მიწოდების მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. მდებარეობს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სადაც განლაგებულია 10 000 ამერიკელი სამხედრო. ქალაქიდან მსოფლიო ლიდერები უკრაინაში მატარებლით გადადიან. შეერთებული შტატების საელჩომ უკვე გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები პოლონეთში და მათ შესაბამისი სამოქმედო ინსტრუქციაც მისცა.

პირველი ეპიდაფეთქების ფაქტი 1976 წელს ფილადელფიაში დაფიქსირდა. ამერიკის ლეგიონის ომის ვეტერანთა კავშირის 4 000-მდე წევრი, ყოველწლიურ ყრილობაზე შეიკრიბა. შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ინფექცია ამერიკის ლეგიონის ორასზე მეტ წევრს შეხვდა, რომელთაგან 34 გარდაიცვალა.

პოლონეთში საქმეს სპეცსამსახურები იძიებენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქლორითა და ოზონით წყალსადენების დეზინფიცირების შესახებ. იშვიათი დაავადება, ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.
 


 

დღის ამბები