26 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ორად გაყოფილი ევროპული ოჯახი -“გაფართოებულ ევროპას” ევროკომისია და ევროპული საბჭო სხვადასხვა ვადებში ხედავს

განსხვავებული აზრები ბრიუსელისთვის უცხო არ არის. აქ როგორც წესი, თითოეულ გადაწყვეტილებაში 27 სახელმწიფოს ხმაა გასათვალისწინებელი. თუმცა, როდესაც ორი განსხვავებული აზრი - ევროკავშირის ორი მთავარი ინსტიტუციიდან ჟღერს - ყურადღება მატულობს. “გაფართოებულ ევროპას” ევროკომისია და ევროპული საბჭო სხვადასხვა ვადებში ხედავენ. მთავარი აღმასრულებელი შტოსთვის, ევროკომისიისთვის - ახალი წევრების მათ რიგებში მისაღებად საკვანძო სიტყვა “დამსახურებაა” და არა რამე სხვა.

ევროსტრუქტურებში გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ევროკომისიას აქვს, რომელსაც მიდგომების დაზუსტება მას შემდეგ მოუხდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებამ პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებით ე.წ. მომლოდინე სახელმწიფოებში. კერძოდ, სლოვენიაში, ბალკანელებთან შეხვედრაზე მიშელმა ბლოკის გაფართოებისთვის კონკრეტული ვადა დაასახელა, რაც აქამდე არსად არავის უხსენებია.

ეს ვადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტთან არ შეუთანხმებია, რის გამოც გარკვეული უხერხულობა შეიქმნა. რადგან სულ რაღაც 1 კვირის წინ, ათენში ჩასული ურსულა ფონ დერ ლაიენი სწორედ ბალკანელებსა და სხვა პარტნიორებს გაფართოების სწრაფი მიდგომების აუცილებლობაზე ესაუბრებოდა.

კრიტერიუმები, რომლებიც სახელმწიფოებმა ელიტარულ კლუბში შესაბიჯებლად უნდა დააკმაყოფილონ ყველასათვის ცნობილია : დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. თუმცა ბრიუსელში სულ უფრო მეტად იძენს აქტუალობას თავად ევროკავშირის რეფორმირების იდეაც. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც იმ აზრზეა, რომ ევროპას ახალ წევრებთან ერთად ოპერირება გარდაქმნის გარეშე გაუჭირდება და საჭიროა ბლოკი შიგნიდან ტრანსფორმირდეს, იმისათვის რომ ჩვეული მიმზიდველობა შეინარჩუნოს და მეტად მოქნილი გახდეს .

როგორია სხვადასხვა სიჩქარიანი ევროპა? ამ საკითხზე დისკუსიები არათუ ბრიუსელის შიდა ინსტიტუციებში, არამედ კონტინენტის მინიმუმ 27 დედაქალაქშია აქტუალური. მსჯელობა კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობების შედეგად გააქტიურდა. საკითხზე იდეები და მიდგომები უკვე ოქტომბერში შეჯამდება, როდესაც ესპანეთის ქალაქი გრანადა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. ევროკავშირის გაფართოება, ახალი პოლიტიკური სეზონის საკვანძო საკითხი ხდება.

დღის ამბები