გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნულს ითვალისწინებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.
უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვა უფრო სწრაფად მოხდება და, უარის თქმის შემთხვევაში, დაჩქარდება დეპორტაციის პროცედურა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებზე 99,9%-ზე უარყოფითი პასუხი იყო გაცემული. გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა.