26 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
15 წლიანი ლოდინი დასრულდა - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელს, რომელიც საოკუპაციო ძალამ 2008 წელს ფაქტიურად გაანადგურა, რეაბილიტაცია უტარდება

15 წლიანი ლოდინი დასრულდა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელს, რომელიც საოკუპაციო ძალამ 2008 წელს ფაქტიურად გაანადგურა, რეაბილიტაცია უტარდება.

ომის დროს ზარდიანთკარის მაცხოვრებლებს სახლები რუსული არმიის ჭურვებმა და რაკეტებმა იმდენად დაუზიანა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში მიმდინარეობს იმ ოჯახების საკუთრებაში არსებული 28 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, რომელთაც 2008 წლის ომის შემდეგ კომპენსაცია არ აუღიათ.

ზარდიანთკარში, ომის შედეგად დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. თუმცა ამ დროისთვის, ომით გამოწვეული დაზიანებების გამო, სახლების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისი აღმოჩნდა.

რეაბილიტაციის დაწყებამდე, თითოეული სახლის მდგომარეობის შესახებ მომზადდა ექსპერტული დასკვნები, სარეაბილიტაციო პროექტები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო 1,8 მლნ ლარი. სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და ისეთი სამუშაოების წარმოებას ითვალისწინებს, როგორიცაა სახურავების განახლება, კედლების გამაგრება, შიდა და გარე მოპირკეთება. ავარიული მდგომარეობის გამო, 4 სახლის დემონტაჟი განხორციელდა.

29 აგვისტოს მდგომარეობით, სამუშაოების 70 პროცენტი უკვე ჩაბარებულია. შიდა ქართლის გუბერნატორის განმარტებით, რეაბილიტაციის გეგმა გრაფიკის მიხედვით, წარმატებით ხორციელდება.

სოფელ ზარდიანთკარში, პროგრამით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

დღის ამბები