რუს კათოლიკე ახალგაზრდებთან ონლაინ საუბრის დროს რომის პაპის ნათქვამ სიტყვებს უკრაინელი დიპლომატების და სასულიერო პირების კრიტიკა მოყვა. ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პაპი რუსეთის იმ იმპერიალისტურ იდეებს ავრცელებს, რომლითაც კრემლი ომს და უკრაინელების მკვლელობებს ამართლებს.
"არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთის, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთის, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები,"- მიმართა რომის პაპმა რუს ახალგაზრდებს.
უკრაინის დიპლომატიური უწყების გარდა, ვატიკანისგან განმარტებებს ითხოვს უკრაინის კათოლიკური ეკლესიის მეთაურიც. არქიეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი ფიქრობს, რომ პონტიფიკოსის სიტყვებმა საზოგადოებაში ტკივილი და შეშფოთება გამოიწვია.
უცნობია, რისი თქმა სურდა რომის პაპს და რა იყო მისი მთავარი გზავნილი. თუმცა ფაქტია, რომ მიმართვამ საზოგადოების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობაც კი გამოიწვია. პაპის სიტყვები თავისებურად გაიგეს კრემლში, პესკოვმა პონტიფიკოსს რუსეთის ისტორიის ცოდნა მოუწონა.
რომის პაპის განცხადებაზე ვატიკანში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მიმართვის ის ნაწილი კი, რასაც უკრაინის აღშფოთება მოყვა, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში აღარ იძებნება. კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის გამოსვლა ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა სიტყვები, რომელმაც საზოგადოება გააღიზიანა, პაპმა უკვე მიმართვის ბოლოს, იტალიურ ენაზე წარმოთქვა.