26 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
გეოლოგების დასკვნის მოლოდინში - შიომღვიმის მონასტერი ვიზიტორებისთვის ნაწილობრივ ისევ დაკეტილია

თითქმის 24-საათიანი სამუშაოების შემდეგ, შიომღვიმის მონასტერთან გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. ჩამოშლილი მიწის მასისგან ჩახერგილი ხევი მძიმე ტექნიკამ სრულად გაათავისუფლა.

ჩამოშლილი მიწით სავსე ხეობის გათავისუფლება გეოლოგების მთავარი რეკომენდაცია იყო, რომლის შესრულებაც ადგილობრივ ხელისუფლებას დაევალა. მხარის რწმუნებულთან ერთად, სამუშაოებს მცხეთის მერიის წარმომადგენლები კურირებდნენ. ისინი ახლა საბოლოო დასკვნას და ახალ რეკომენდაციებს ელოდებიან.

არის თუ არა მოსალოდნელი განმეორებითი საფრთხე - შეკითხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა დასკვნა უპასუხებს, რომელიც არსებული ინფორმაციით, 2 დღეში გასაჯაროვდება. მანამდე კი, შემთხვევის მიმდებარედ, ხევის სიახლოვეს გადაადგილების აკრძალვა ძალაში რჩება. სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ტერიტორია უსაფრთხოდ მიიჩნევა და დაშვებულია ვიზიტორების გადაადგილება.

27 აგვისტოს განვითარებული პროცესები მონასტერში მცხოვრებ სასულიერო პირებს გასულ წლებშიც უნახავთ, თუმცა წინამძღვრის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევა შედარებით მასშტაბური იყო. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, სასულიერო პირები საფრთხეს აღარ ელოდებიან.

ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება აკრძალულია, ბოლო 2 დღეა, კლდიდან მიწის მცირე მასები ცვივა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ეს მომხდარი შემთხვევის თანმდევი პროცესია. ადგილობრივი ხელისუფლება და გეოლოგები შემთხვევის ადგილზე მონიტორინგს განაგრძობენ.

რა დასკვას დადებენ სპეციალისტები, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მანამდე კი, უსაფრთხოების მიზნით, სამონასტრო კომპლექსში მძიმე ტექნიკაც რჩება.

დღის ამბები