26 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ევროპის კონტინენტსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხანძრის შემდეგ გადაუღებელი წვიმები დაიწყო - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ევროპის კონტინენტსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხანძრის შემდეგ გადაუღებელი წვიმები დაიწყო. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, ესპანეთში ავიარეისები გადაიდო, ის თვითმფრინავები კი, რომლებიც ჰაერში იმყოფებოდნენ, იძულებულნი გახდნენ აეროპორტებში დაბრუნებულიყვნენ. წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა იტალიაც.

ძლიერი წვიმა და ქარი ბალეარის კუნძულზე და ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოულოდნელად მოვიდა და სერიოზული ზიანი მოიტანა. მოგლიჯა ხეები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ადამიანიც დააშავა. ადგილობრივებს ასეთი შტორმი აქამდე არ უნახავთ.

რთული 24 საათი ჰქონდათ იტალიაშიც. ქვეყნის ჩრდილოეთით წყალდიდობისა და მეწყრის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან. ძლიერი ქარიშხლის გამო, კომოს ტბასთან მიმავალი გზები დაკეტეს. წყალდიდობამ დატბორა გენუა და სონდრიო. რისკი მაღალი რჩება პიედმონტსა და ლომბარდიაშიც, სადაც წყალდიდობას ელიან. უხვ ნალექს მეწყერი მოჰყვა ბლევიოში.

ევროპის მსგავსად, რთული ვითარებაა ამერიკაში. ფლორიდა ქარიშხალ "იდალიას" მოლოდინშია. განგაშის სიგნალი მოსახლეობამ უკვე მიიღო, ამიტომ ახლა ფლორიდის მთელი სანაპირო თავშესაფრებისკენ მიემართება და გზად პირველადი მოხმარების ნივთები მიაქვთ.

ფლორიდაში იდალია გაძლიერებული ძალებით ჩავა, მანამდე კი თავისი კვალი კუბაში დატოვა, სადაც ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ათი ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერმა წვიმამ დატბორა დედაქალაქი ჰავანაც. ყველაზე მეტი ზიანი კი სოფელ გუანიმარის მიაყენა, რომელიც დასავლეთ კუბაში მდებარეობს. ის თითქმის სრულად დატბორილია. ამ დრომდე პარალიზებულია სოფლისკენ მიმავალი გზები.

ამერიკასა და ევროპასთან ერთად, წყალდიდობებს ებრძვის აზიაც. სტიქიამ ჩინეთში ჩააღწია. ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ წყლის ნაკადი დიდია, რის გამოც მოსახლეობას ნავებით უწევთ გადაადგილება. ევაკუაცია უკვე მოხდა ჩინეთის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში.

დღის ამბები