უკრაინიდან ბელარუსში გადაბარგებული ვაგნერელები აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან, რის გამოც პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვარს კეტავენ. ამ ეტაპზე სასაზღვრო გამშვები პუნქტების სრულ დაკეტვაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა ევროპის ქვეყნების განცხადებით თუ დაქირავებული მებრძოლები გამყოფ ხაზთან სერიოზულ ინციდენტებს მოაწყობენ, საზღვარი მთლიანად ჩაიკეტება.
ბელარუსის მოსაზღვრე ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოებს, მინსკთან 2 პრობლემა აქვთ. პირველი, ეს არის ბელარუსის ტერიტორიაზე ასობით ვაგნერელის შესვლა. ასევე ბელარუსის საზღვარზე, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, არალეგალი მიგრანტების რაოდენობის გაზრდა, რაშიც ევროპა ლუკაშენკოს რეჟიმს ადანაშაულებს. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან მთლიანად დახურონ საზღვრები ბელარუსთან, ვაგნერთან დაკავშირებული პირველივე კრიტიკული ინციდენტის შემთხვევაში. ამის შესახებ, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
"ბელარუსთან საზღვარზე ვითარების სტაბილურობისთვის ორი რამ არის საჭირო. ჩვენ მოვითხოვთ მინსკისგან, რომ ვაგნერის ჯგუფმა დაუყოვნებლივ დატოვოს ბელარუსის ტერიტორია და არალეგალმა მიგრანტებმა, რომლებიც საზღვარზე ბელარუსის ხელისუფლებამ შეკრიბა, დატოვონ საზღვარი და გაგზავნონ თავიანთ ქვეყნებში"", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.
მინსკთან ვითარების გამწვავების შემდეგ, ვარშავამ ზომები უკვე მიიღო და ბელარუსთან საზღვარზე, ერთის გარდა ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი დახურა, თუმცა ეს მოჰყვა მინსკის მიერ პოლონელი დიპლომატების გაძევებას და პოლონური წარმოშობის ჟურნალისტის გასამართლებას. ლიეტუვა პოლონეთის ნაბიჯს გაიმეორებს, თუ უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგება.
"ეს მოხდება, რომელიმე ამ ქვეყნის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტის შემთხვევაში, რომელიც სერიოზულ საშიშროებას შეუქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ასევე, მიგრანტების შეჭრის შემთხვევაში", - განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი, ემზადება, შესთავაზოს მთავრობას, დაიხუროს დარჩენილი 4-დან, კიდევ 2 საკონტროლო გამშვები პუნქტი ბელარუსთან. მინისტრი თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს კონტრაბანდის შემცირებას და გარდა ამისა, უზრუნველყოფს, დარჩენილ ორ გადასასვლელზე, მეტი მესაზღვრე ოფიცერი ჩადგეს. ვარშავაში გაკეთებულ განცხადებებს, დღეს მინსკში არ უპასუხეს.