26 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

ლანა გახარიას 5 წევრიან ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადაეცა. ოჩამჩირიდან დევნილები, ნაქირავებ ფართში ცხოვრობდნენ. იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების განსახლების მიზნით, აქტიური სამუშაოები ამ დრომდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში მიმდინარეობს.

ახალ კორპუსში, გარემონტებული ბინის მესაკუთრე გახდა სოხუმიდან დევნილი ლიანა აბულაძეც. ის ამ დრომდე, წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობდა.

2 თვის წინ, ქუთაისში, ახალ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 480-მა ოჯახმა მიიღო. ამ დროისთვის კი, ნიკეას ქუჩაზე დევნილებისთვის სამი კორპუსი შენდება. სამუშაოების პროცესი, სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებული 2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. სამუშაოები მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის უწყება 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000-ს ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, 6000 ოჯახი კი "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განახლდება.

 

დღის ამბები