მოსკოვის ოლქში აფეთქების ხმა დილის 4 საათსა და 21 წუთზე გაისმა. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. კიდევ ერთი დრონი გაანადგურეს ბრიანსკში. კრემლში აცხადებდნენ, რომ აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მაგრამ, უსაფრთხოების ზომები მაინც გაამკაცრეს. თითქმის, 4 საათით შეწყვიტეს ფუნქციონირება ვნუკოვოს და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსალოდნელი საჰაერო საფრთხის გამო, 15 ავიარეისი გადაიდო.
უკვე შუადღისთვის, აგრესორმა ყირიმზე მიტანილი საჰაერო იერიშის შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსულმა არმიამ 1 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა. სხვა დეტალების გასაჯაროებისგან ძალოვანმა უწყებამ თავი შეიკავა.
რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი საფრენი აპარატების შესახებ განცხადებები არც კიევს გაუკეთებია. უკრაინის გენერალურ შტაბში ყურადღება მხოლოდ ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილეს. უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში სოფელი რობოტინე გაათავისუფლეს. ახლა მძიმე ბრძოლები დასახლებიდან 9 კილომეტრში, ნოვოპროკოპივკას დეოკუპაციისთვის მიმდინარეობს.
ბრძოლის ველზე კიდევ უფრო მეტი უპირატესობის მოპოვება უკრაინისთვის "ეფ-16" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მოჰყვება. ამის პირობას, ღამის ტრადიციულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი დებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პროცესის დასაჩქარებლად მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს, როგორც დიპლომატიურ, ისე პილოტების მომზადების დონეზე.
ხელწერას არ ცვლის აგრესორი. ოკუპანტის მთავარი ამოცანა, კვლავ სამოქალაქო ობიექტების განადგურებას და მშვიდობიანი მოქალაქეების ტერორს უკავშირდება. 3 ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად პოლტავის ოლქზე. აფეთქებულია მცენარეული ზეთის ქარხანა. მძიმედ დაშავდა 7 თანამშრომელი. ცეცხლი გაუხსნეს რუსმა სამხედროებმა კრივი-რიჰსაც. აფეთქებულია ორი კერძო სახლი. დაზიანებულია 3 კორპუსი და ამბულატორიის შენობა.