ონი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, მიწის ჩამოშლის განმეორების საფრთხე კი აღარ არსებობს. იმ მონაკვეთზე, სადაც ფერდობის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
უსაფრთხოების მიზნით, კონტროლდება ავტომობილების გადაადგილებაც. 107-ე კილომეტრზე მიწის მასა, კედლის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 დღის წინ ჩამოიშალა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რისკები თავიდანვე იყო დაზღვეული და შეასაბამისად, წინასწარვე იყო მიღებული უსაფრთხოების ზომები.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი აცხადებს, რომ მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.
"არავინ დაშავებულა, იმიტომ, რომ შემოსაზღვრული იყო გზის ის მონაკვეთი, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში მოხდება გზის აღდგენა. დაზიანებული გზის აღდგენის პრეროგატივა აქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და უახლოეს პერიოდში აღდგება დაზიანებული გზა,"- აცხადებს გიორგი ნოდარიშვილი.