შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ, მძიმე ტექნიკამ კალაპოტის გაწმენდა უკვე დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილში, მშენებარე კელიების ტერიტორიაზე გადაადგილება რამდენიმე დღით სასულიერო პირებისთვისაც შეიზღუდა. უსაფრთხოების ზომები გეოლოგების რეკომენდაციით გამკაცრდა.
შემთხვევის ადგილზე გეოლოგები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ პერიოდში "კურიერის" კამერამ კლდიდან მიწის მცირე მასების ჩამოშლა დააფიქსირა. ტერიტორიის დატოვების შემდეგ, სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ადგილზე მცირე მასშტაბის ბუნებრივი პროცესები შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ტერიტორიის შესწავლას რამდენიმე დღეში დაასრულებენ და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.
შიომღვიმის მონასტრის სასულიერო პირებს კლდიდან მიწის მასის ჩამოშლა გასულ წლებშიც ახსოვთ. წინამძღვარი იხსენებს ერთი წლის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც მიწის ჩამოშლა შედარებით მცირე მასშტაბის იყო.
პროცესი შიო მღვიმის მონასტერთან, 27 აგვისტოს განვითარდა. შემთხვევის დროს ტერიტორიაზე ტურისტებიც იყვნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასა შენობა-ნაგებობებიდან მოშორებით ხევში დაგროვდა. მონასტერში შესვლა აიკრძალა. შეზღუდვები დღეს დილით მოიხსნა, თუმცა აკრძალვა მცირე მონაკვეთზე ძალაში დარჩა. ხეობის გაწმენდით სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება კურირებს.
ჩამოშლილი მიწის მასის გასატანად, ხეობაში მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებს, სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. დაახლოებით ერთ კვირაში კი, გეოლოგების დასკვნა გახდება ცნობილი.