26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ხანძარი საბერძნეთსა და იტალიაში - ასობით ხანძრის კერასთან გამკლავებას ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ 

საბერძნეთში ხანძრის ასობით აქტიურ კერასთან გამკლავებას, ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი უფრო გაძლიერდება. ადგილობრივები საკუთარ სახლებს ტოვებენ.

ბოლო 4 თვეში, საბერძნეთში ნახევარი მილიონი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, რაც ყველაზე მასშტაბური მონაცემია ევროკავშირის ტერიტორიაზე. მხოლოდ საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 74 000 ჰექტარია განადგურებული, აქედან 13 000 ეროვნულ პარკში. მოსახლეობა სახანძრო სამსახურს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს.

ადგილობრივების კრიტიკას არ იღებს მთავრობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხანძრები კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

ხანძრის გავრცელების სახიფათო რისკის ზონაში 7 რეგიონია, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქიც. საბერძნეთმა დამატებითი დახმარებისთვის ევროპის ქვეყნებს მიმართა. გერმანიამ, შვედეთმა, ხორვატიამ და კვიპროსმა სტიქიის ზონაში თვითმფრინავები გაგზავნეს, ადგილზე ათობით რუმინელი, ფრანგი, ჩეხი, ბულგარელი, ალბანელი, სლოვაკი და სერბი მეხანძრე მუშაობს. სტიქიის შედეგად ათობით მეხანძრეა დაშავებული.

ხანძარია იტალიაშიც. ტყის ხანძრის გამო, კუნძულ სიცილიაზე მყოფი ტურისტები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია საკუთარი ძალებით, ნავების საშუალებით დაეტოვებინათ. სახლების დატოვება მოუწიათ ადგილობრივებსაც. ადგილზე ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.

მასშტაბურმა ხანძარმა ტრაპანის აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდეც მიაღწია. აეროპორტი დროებით დაკეტილია, რეისები კი სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდა. იტალიის პროვინციაში ხანძრის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს.

დღის ამბები